„საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“- საქართველოს ნაკრები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ.
„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის - ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მინდა, თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რადგან ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვების გზა უსასრულო იყოს,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
ფეხბურთელებმა სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენიდან სიტყვით მიმართეს შეკრებილთ და გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.