ქართულმა არასამთავრობოებმა სახე გამოაჩინეს - დეპუტატი ახალ პოლიტიკურ მოძრაობაზე

მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაარსება ადასტურებს, რომ მათ არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები და მონაწილეობდნენ პოლიტიკურ საქმიანობაში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა 2 ივლისს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს. როგორც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, რომელიც საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, ახალი პოლიტიკური ძალის წარდგენისას განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აუცილებლად უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.
„კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სახე გამოაჩინეს. ისინი ისედაც პოლიტიკაში იყვნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციებს არ ასრულებდნენ, რაც ახლა უკვე იურიდიულადაც იქნება დადასტურებული", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა რასაც ვამბობდით, რომ დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ პირდაპირი წესით პარტიებს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მაგალითად მან მოიყვანა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დააფინანსა საქართველოს პარლამენტის ქალი-დეპუტატები, ფინეთის საელჩო ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო „ტაბულა" და პარტია „ევროპული საქართველო".
„არასამთავროებმა თქვეს, აზრი არ აქვს დამალვას და იურიდიულადაც ჩამოვყალიბდეთო. საზოგადოება მიხვდა, რომ მსაჯულები ვერ იქნებიან ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციონერი ქალი-დეპუტატები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას გეგმავენ, რათა მათ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოში მიღებული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ზიანისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროდასავლური ოპოზიციის გეგმების შესახებ. პროექტი NDI-ის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.
მმართველმა პარტიამ აღნიშნული უკანონო დაფინანსებად და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად შეაფასა.
ამასთან, „თავისუფლების მოედნის" დამფუძნებლების თქმით, ორგანიზაცია შედგება უპარტიო პროფესიონალებისგან, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე. მათი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებაა. ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერია არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD, Eastern European Centre for Multiparty Democracy) ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.