თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
როგორც საპატრიარქოში განმარტეს, გელათის სამონასტრო კომპლესში მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში გადადის და ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით კომპლექსი დროებით იკეტება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების მიღება მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა. ამ დროისთვის ჩაკეტილია სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზაც. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს დ გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ნებადართული.
გელათის რეაბილიტაციის პრობლემა 2023 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.