თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკოს ინფორმაციით, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.
კერძოდ, ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორმა 2024 წლის მაისში განახორციელა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორებმა დისტანციურად განახორციელეს საკონტროლო აუდიტი.
„ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ შეინარჩუნა მის მიერ მოპოვებული საერთაშორისო სერტიფიკატი. აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, მონიტორინგი და ანგარიშგება შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესში მუდმივად ინერგება სიახლეები და დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად მიეწოდებათ ხარისხზე ორიენტირებული, გამჭირვალობისადმი მიმართული მომსახურება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO სერტიფიკატი 2019 წელს მიიღო, რითიც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.