თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების დახვედრის ცერემონიასთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ფეხურთის ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ეფექტური გამოსვლისთვის მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, დღეს თბილისში დაბრუნდა.
უწყების ცნობით, 12:00-17:00 საათის პერიოდში, ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების დროს რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ.
2 ივლისის 17:00 საათიდან 3 ივლისის 00:00 საათამდე პერიოდში კი თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდული იქნება თავისუფლების მოედანზე გადაადგილება, როგორც კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებიდან, ისე რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
შეზღუდვის საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.
უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ საზეიმო ღონისძიება გუშინ დააანონსა.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.