საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წლის ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ნინოწმინდა“, „ვალე“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ლაგოდეხი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 33.180 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სამ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.
ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.