ევრო 2024: საქართველო ესპანეთთან დამარცხდა

ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ევროპის ჩემპიონტის მერვედფინალური მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მე-18 წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის 39-ე წუთზე გავიდა.
მეორე ტაიმში ესპანელებმა თამაში საკუთარ ხელში აიღეს. 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. საქართველოს წინააღმდეგ მესამე გოლი ნიკო უილიამსმა 71-ე წუთზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი კი 83-ე წუთზე დანი ოლმო იყო.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამივე შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. შედეგად - სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.