თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ დაბრუნდება და გულშემატკივარს გაახარებს, განაცხადა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
„ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, ირწმუნონ ჩვენი, საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ საქართველო ისეთ წარმატებებს მიაღწევდა, როგორც ახლა.
„ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავდადებით ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მერვედფინალში წავაგეთ, მაგრამ ამით ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, რადგან ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით", - განაცხადა მამარდაშვილმა.
ამასთან, მან პროგნოზი გააკეთა იმაზე, თუ ვინ გახდება წელს ევროპის ჩემპიონი ფეხბურთში.
„ესპანეთი ამ ჩემპიონატზე ფავორიტია და მჯერა, რომ ამ ჩემპიონატს მოიგებს", - განაცხადა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კლუბ „ვალენსიის" მეკარემ.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.