თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ ემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და ოპოზიციის სპეკულაცია ამ თემაზე მიუღებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც გარკვეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეხება. „ქართული ოცნების" აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა ოაატა მანჯგალაძემ ხმებზე ნადირობა უწოდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტია ინიციატივას მხარს დაუჭერს, თუმცა საკითხს მოკავშირეებთან - ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან" შეათანხმებს.
„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, ამნისტიის თაობაზე სპეკულაციები მიუღებელია... ისინი ყველაფერს საკუთარი ინტერესებით საზღვრავენ და არა სახელმწიფოსი. ჩვენ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და ამნისტიასთან მიმართებაში არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს. ის მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა იონათამიშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
დეპუტატის თქმით, ამნისტია ჰუმანიტარული აქტია, ამიტომაც უხერხულია საკითხისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტებამდე შემცირებას.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 1/3-ით შემცირდეს, რაც „ამნისტიის შესახებ" კანონის წყალობით შეიძლება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
2011 წელს პენიტენციულ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.