თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაახლოების მიზნით, დაწერა საქართველოს პირველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ Х-ში.
1 ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, რომელსაც სიმბოლური თანამდებობა ბელგიისგან გადაეცა.
„წარმატებებს ვუსურვებ უნგრეთს, საქართველოს კარგ მეგობარსა და მხარდამჭერს, რომელიც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობასთან ახლოს მივიყვანოთ“, - დაწერა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯი უკან გადადგა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის გამო, რომელიც ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს აღბიშბულ საკითხში მხარს უჭერს, არის უნგრეთი.
„საქართველოში საქმეები კარგად მიდის, ევროკავშირში გაწევრიანების გზა კარგია. საქართველოს მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ასე რომ, ვფიქრობ სწორ გზაზე ხართ", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 25 ივნისს, ევროპული საბჭოს სხდომის წინ ჟურნალისტებთან.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 2023 წლის 8 ნოემბერს გასცა.