თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პლეი-ოფში საქართველოს მეტოქე ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის გამარჯვებული მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ გერმანიას შეხვდება. გუშინ გერმანიამ დანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამივე შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. შედეგად - სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.