თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს ესპანეთის ნაკრებთან გამართავს, შეხვედრა კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
საქართველო-ესპანეთის მატჩს ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის.
2023 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებს ორჯერ შეხვდა. ესპანელებმა თბილისში გამართული პირველი შეხვედრა სექტემბერში, გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 მოიგეს. ორი თვის შემდეგ მადრიდში საქართველომ ისევ წააგო. ამჯერად ანგარიში 1:3 იყო. საქართველოს ნაკრებში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ესპანეთს, მან სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფი პირველი ადგილით – ცხრა ქულით დატოვა. იტალიის ნაკრები ოთხი ქულით მეორე ადგილზეა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ბრწყინვალე გამარჯვება
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.
პორტუგალიასთან მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შეხვდებიან:
29 ივნისი
გერმანია – დანია
შვეიცარია – იტალია
30 ივნისი
საქართველო – ესპანეთი
ინგლისი – სლოვაკეთი
1 ივლისი
პრტუგალია – სლოვენია
საფრანგეთი – ბელგია
2 ივლისი
რუმინეთი – ნიდერლანდები
ავსტრია – თურქეთი.