მსოფლიო დღეს

საფრანგეთში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება

ამომრჩეველთა აქტივობა, შესაძლოა, 67% დაფიქსირდეს, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ეროვნული ასამლეის - პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.
საფრანგეთის მოსახლეობას არჩევნების ორ ტურში - 30 ივნისსა და 7 ივლისს - 577 დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომლებიც პარლამენტში მათ ინტერესებს წარმოადგენენ.
ქვეყნის ევროპულ ტერიტორიაზე ხმის მიცემა 08:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩეველთა ნაკადიდან გამომდინარე, დიდ ქალაქებში საარჩევნო უბნები შეიძლება 20:00 საათამდე იყოს ღია. პირველი ოფიციალური შედეგები 20:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
ბრძოლა სამ ძირითად ბლოკს შორის მიმდინარეობს, რომელთაგან თითოეული მოქალაქეების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, „ეროვნული გაერთიანება" ხმების 37%-ით ლიდერობას ინარჩუნებს. მას მოსდევს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ ხმების 28%-ით და საპრეზიდენტო კოალიცია ხმების 20%-ით.
ამომრჩეველთა აქტივობა, შესაძლოა, 67% დაფიქსირდეს, რაც 20%-ით მეტია 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელთან შედარებით.
9 ივნისს საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" უკან მოიტოვა პრეზიდენტ მაკრონის მხარდამჭერთა კოალიცია და ხმების 31,36% მიიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის, პარლამენტის ქვედა პალატის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორ ტურად ჩატარების შესახებ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანენის განცხადებით, შიდა დაზვერვა არჩევნების დროს არეულობას და პროვოკაციებს ელის.