თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარემ, 23 წლის გიორგი მამარდაშვილმა არ გამორიცხა, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან შეხვედრა შეიძლება მატჩისშემდგომ პენალტების სერიამდე მივიდეს, ამიტომაც იგი ყველაფრისთვი მზადაა.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პლეი-ოფში საქართველოს მეტოქე ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის გამარჯვებული მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელ გერმანიას შეხვდება. გუშინ გერმანიამ დანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
„იქნება თუ არა პენალტების სერია? შეიძლება. მატჩის წინ მოწინააღმდეგე ფეხბურთელების თამაშს ვსწავლობ, ამიტომ ამ მატჩში ყველაფრისთვის მზად ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.
ქართველი გოლკიპერის თქმით, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში მესამე სეზონია გამოდის, ამ მატჩშიც ღია ფეხბურთს ითამაშებს.
„ჩვენ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან - დაცვაში უშეცდომოდ და კონტრშეტევებზე მწვავედ, თუმცა დაცვაში თამაში არ ნიშნავს იმას, რომ შეტევაში სახიფათო არ ვიქნებით", - დასძინა მამარდაშვილმა.
რაც შეეხება ესპანელი მცველის ნაჩო ფერნანდესის სიტყვებს, რომელიც საქართველოს კარში ბევრი გოლის გატანას აპირებს, მამარდაშვილმა მოკლედ უპასუხა: „ვნახოთ, როგორ გააკეთებს ამას“.
საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამივე შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. შედეგად - სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.