თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოში 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სატრანზიტო როლის განვითარება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია „შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობის ფონზე, რომელიც საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს აკავშირებს.
„წელს შესრულდება დაპირება, რომელიც გაცემულია საზოგადოების წინაშე და მთლიანობაში წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება", - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო 4,5 თვის განმავლობაში აღმოსავლეთი-დასავლეთის საავტომობილო გზის რიკოთის უღელტეხილზე გაიხსნა 36 კმ გზა, აშენდა 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.
გარდა ამისა, უკვე გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის მონაკვეთი, რომელიც აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილი გახდა, ბათუმში კი შემოვლითი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, სადაც უკვე გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი.
მან ასევე აღნიშნა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე კობი-ქვეშეთის გვირაბის გაჭრა, რომელიც თბილისიდან ყაზბეგამდე გზას ორჯერ შეამცირებს.
ასევე სრულდება ბაკურციხე-წნორისა და ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება და პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულდა.
მისი თქმით, განხორციელდა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის პროექტი, რომლის სიგრძე არის 8 კილომეტრზე მეტი, ასევე დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების 95 პროცენტი.