თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა, რომ ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც გუნდის წევრები თამაშობენ არა ფულის გამო, არამედ საკუთარი ქვეყნისთვის.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლისთვის ექს-პრემიერ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფონდ „ქართუსგან" ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს მიიღებს.
გარდა ამისა, ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
„არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ფულს რაიმე მნიშვნელობა აქვს. გუნდში ამაზე არავინ ფიქრობს. ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ფულისთვის. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს იგივე აზრი აქვს", - განაცხადა ლოჩოშვილმა.
მანამდე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პრემია გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს 23:00 საათზე გაიმართება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.