კალაძე: სწორი ტაქტიკის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს გამარჯვების შანსი აქვს

რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება, განაცხადა კალაძემ
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად ითამაშებს ესპანეთის ნაკრებთან, განაცხადა თბილისის მერმა, საქართვლოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს მეტოქე ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.
„ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, მაგარი ბიჭები და დარწმუნებული ვარ, სწორი ტაქტიკით და სათამაშო დისციპლინით, რა თქმა უნდა, ესპანეთთანაც ძალიან მაგრად ვითამაშებთ. ყველასთან შეიძლება თამაში, წარმატების მიღწევა. ეს დადასტურდა წინა შეხვედრებშიც“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს შეხვდება. თუმცა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს გუნდი, საქართველოს ნაკრებთან თამაში ყველას გაუჭირდება, დასძინა კალაძემ.
„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ესპანეთის ნაკრები დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით. ეს არის გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამტკიცა და აჩვენა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ყველასთან შეუძლია თამაში", - განაცხადა კალაძემ.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.