თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სიმართლე ხელისუფლების მხარესაა, ამიტომ არ მოვიდა „რადიკალური ოპოზიცია“ პარლამენტის სხდომაზე და უარი თქვა დებატებში შესვლაზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
დარბაზში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იმყოფება, მათ შორის. დეპუტატები ოპოზიციური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე პარტიებიდან, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ მოქალაქეები“, რომლებიც მაისიდან ბარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ - ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ.
„რადიკალურმა ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა…გასული წლების განმავლობაში ყოველ ჯერზე მათ წააგეს პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგ ჯერზეც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციამ მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში უკვე ოთხჯერ გაუშვა შანსი, რომ ინტერპელაციის წესით დაებარებინათ იგი პარლამენტში. კობახიძე მთავრობას 2024 წლის თებერვლიდან მეთაურობს.
„მათ ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ინტერპელაციის თაობაზე წერილის გამოგზავნა და ახლა უკვე, როდესაც სავალდებულო წესით იმართება ყოველწლიური ანგარიშის, მოხსენების განხილვა, აქაც ვერ გაბედეს დებატებში შემოსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც დაასახელა.
პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე, რომელზეც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარმოადგინა, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის არყოფნის ორი მიზეზი დაასახელა.
„პირველი ის, რომ ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და მეორე, რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს, სიმართლე არის ჩვენ მხარეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალური ოპოზიცია ვერ ბედავს „ქართულ ოცნებასთან“ დებატებში შემოსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში 171 გვერდისგან შედგება და ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.