კობახიძე: რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება არჩევნეზე, მით უკეთესი

პრემიერის თქმით, საქართველო ღიაა არჩევნების დაკვირვებისთვის და ობიექტური შეფასების იმედი აქვს.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე, მით უკეთესი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. რიგი პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე დამკვირვებელთა რეკორდულ რაოდენობას ელოდება.
„საქართველომ უკვე გაგზავნა მოსაწვევები ყველა შესაბამის ასამბლეაში. ეს არის ეუთო/ოდირი, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ისინი გრძელვადიანი მისიით ჩამოვლენ. ასევე მოწვევები გაიგზავნა ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ინსტიტუტიდან იქნება წარმოდგენილი სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მიდგომაა, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო ღიაა არჩევნების დაკვირვებისთვის და ობიექტური შეფასების იმედი აქვს.
„იმედი გვაქვს, ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი. არჩევნების მთავარი დამკვირვებელი მაინც არის საზოგადოება. ეს არჩევნები ჩატარდება უპრეცედენტო კანონმდებლობის პირობებში. ჩვენი საარჩევნო ისტორიის მანძილზე პირველად დაინერგება ელექტრონული ხმის მიცემის და რეგისტრაციის წესი, ხმების დათვლის ელექტრონული წესი. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნება დაზღვეული ყველა ხარვეზი საარჩევნო პროცესში. ბუნებრივია, ყველას შეუძლია, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამასთან, საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.