ილია მეორე: საქართველოს ფეხბურთის ნაკრები დიასპორის ერთობის მაგალითია

Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაში, რომელიც დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ათენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პლეი-ოფში საქართველო კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროი 23:00 საათზე დაიწყება.
„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურებაა იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია მიმართვაში.
საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობს უცხოურ კლუბებში, მაგალითად, ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს იტალიურ „ნაპოლიში", მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბ „ვალენსიაში", ფორვარდი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე ფრანგულ „მეცში", ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბ „ბორდოში", თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბ „კარლსრუეში", ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი - ესპანურ „ლევანტეში".
დიასპორის თითოეული წარმომადგენელი საქართველოს სახეა, ამიტომ ისინი უნდა ეცადონ თავიანთი ცხოვრების წესით და საქმიანობით იყვნენ თავიანთი სამშობლოსა და იმ ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები, სადაც ახლა ცხოვრობენ, აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
„ამასთან, უნდა ეცადოთ, თქვენც და თქვენი შვილებიც რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოსწყდეთ წინაპართა ფესვებს და ძალისაებრ თქვენისა ხელი შეუწყოთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარშემო", - ნათქვამია მიმართვაში.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საქართველოს ეკლესიას აქვს საკუთარი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ და სასულიერო პირები ცდილობენ დიასპორასთან ახლოს იყვნენ და მრევლში ერთობის სული განამტკიცონ.
„მათი შრომის შედეგია, რომ დღეისთვის 22 სამრევლო გვყავს საფრანგეთში, 25 იტალიაში, 10 ესპანეთში, 4 შვეიცარიაში, 20 გერმანიასა და ავსტრიაში. 8 სამრევლო ბელგიასა და ჰოლანდიაში, 21 სამრევლო ამერიკასა და კანადაში, სამრევლოები ასევე ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, პორტუგალიასა და მალტაში. ასე რომ, ეკლესია თქვენს გვერდითაა და თქვენი ჯვრის მტვირთველობაში შეგეწევათ", - ნათქვამია მიმართვაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით 27-28 ივნისს ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ ატარებს.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.
გუშინ, ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და გორისა და ათენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა.
ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სპეციალური ჯილდო ასევე გადაეცათ საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყეს საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სამ საგრანტო პროგრამას: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი". ღონისძიების ფარგლებში აღნიშნულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულებს წარადგენენ. ამ პროგრამების ფარგლებში ჯამში 278 დიასპორის წევრს გადაეცა გრანტი სხვადასხვა პროექტებისთვის.
პარასკევს ფორუმის მონაწილეები სამ თემატურ ჯგუფში გააგრძელებენ მუშაობას და განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლება და კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა და ინფორმაცია - დიასპორის წარმატების მექანიზმი.
ბრწყინვალე გამარჯვება
პორტუგალიის კარში პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ეროვნული ნაკრები 94-ე წამზე დააწინაურა. მეორე ტაიმში კი მიქაუტაძემ პენალტის წყალობით მატჩის საბოლოო შედეგი დაადგინა.
პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთს კი დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრებში ორივე გოლი ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შეხვდებიან:
29 ივნისი
გერმანია – დანია
შვეიცარია – იტალია
30 ივნისი
საქართველო – ესპანეთი
ინგლისი – სლოვაკეთი
1 ივლისი
პრტუგალია – სლოვენია
საფრანგეთი – ბელგია
2 ივლისი
რუმინეთი – ნიდერლანდები
ავსტრია – თურქეთი.