უზენაესი სასამართლო ახალი მოსამართლეებით შეივსო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიზო უბილავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უახლოეს დროში გახდება, ხოლო მისი კოლეგა ბადრი შონია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობებს 18 ოქტომბრიდან დაიკავებენ.
გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელმაც თითორულ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა.
უზენაეს სასამართლოში ამჟამად ერთი ვაკანსიაა, კიდევ ორ მოსამართლეს კი უფლებამოსილება 18 ოქტომბერს ეწურება.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის არჩევანი „კლანის“ გაძლიერების მცდელობად შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება აძლიერებს „კლანს“, რომელიც მართავს სასამართლოებს საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს ევროკავშირის პირობები ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები მრავალი წელია ამტკიცებენ, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში აკონტროლებს მოსამართლე ლევან მურუსიძის კლანი, რომელიც ახორციელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ დაკვეთებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სწორედ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდა სასამართლო სისტემა საქართველოში დამოუკიდებელი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.
შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.
ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა 2023 წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.
სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.