საქართველოში სიგარეტის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია კვლავ გადაიდო

პროექტს მხარი საქართველოს პარლამენტის 77 წევრმა დაუჭირა
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც სიგარეტის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია დაიწყება არა 2024 წლის 31 ივლისს, არამედ 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს და აღნიშნული პროდუქციის გაყიდვა 2025 წლის 1-ელ აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, სტანდარტიზაცია ასევე შეეხება ელექტრონული სიგარეტის სტიკებს, ასევე თამბაქოს ახალ ნაწარმს.
კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ახალი სტანდარტების თანახმად, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
ყველა კოლოფი იქნება მუქი ფერის მუყაო ან ქაღალდი, გლუვი, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.