საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები სავაჭრო კავშირები ახალ ეტაპზე გადავიდა

არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, რომელიც ითვალისწინებს ამ არაბულ ქვეყანაში ქართული პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტის გამარტივებას, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
შეთანხმების თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები გახსნის ბაზარს საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ეს ამ ტიპის პირველი შეთანხმებაა ყურის არაბულ სახელმწიფოსთან. საქართველოს მიმზიდველობას ისიც აძლიერებს, რომ ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ დიდ ეკონომიკასთან - ევროკავშირთან და ჩინეთთან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეს სტრატეგიული უპირატესობა არაბულ კომპანიებს საშუალებას აძლევს საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიყენონ და მიიღონ ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე წვდომა.
ამ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. არსებითად, ეს არის ახალი თაობის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ ინტეგრაციას საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის, განაცხადა არველაძემ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის.
2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 39%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 73%-ით.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით გაიზარდა.