პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

თუ პრეზიდენტი ამჯერადაც უარს იტყვის კანონპროექტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი —Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და კანონი თავდაპირველ ვერსიით მიიღო.
ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, - კანონმდებლებმა63 ხმით ჩააგდეს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.
პრეზიდენტის ვეტოს, რომელშიც ცვლილებების მიღების დაუშვებლობაზე იყო საუბარი, მხარი არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ზურაბიშვილის აზრით, აღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.
ცვლილებები ითვალისწინებს ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა. იმავე სხდომაზე ჩატარდება მეორე კენჭისყრა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად ხმების1/2 იქნება საკმარისი.
საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგებს, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და ბიულეტენების გადათვლას.
კანონპროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ შემოღებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტურ ფუნქციონირებას და მის მუშაობაში დაბრკოლებების აღკვეთას.
თუ პრეზიდენტი ამჯერადაც უარს იტყვის კანონპროექტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში26 ოქტომბერს გაიმართება.