ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია

17 მაისი საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და სრული პაკეტი 78 ხმით მიიღო.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„გუშინ, უმრავლესობის ლიდერის წინადადებით, კენჭისყრა დღეს გადავდეთ, რათა ოპოზიციას ჰქონოდა დაფიქრების საშუალება, თუ რომელ მხარეს დადგებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრის დაწყებამდე.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა დრო გაეკეთებინა არჩევანი - საქართველოს, ქართული საზოგადოების მხარეს დამდგარიყო და ან უარი ეთქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
„როგორც ვხედავთ, კენჭისყრისას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები" არიან წარმოდგენილი. დანარჩენებმაც გააკეთეს არჩევანი - ცხადია, არჩევანი არა საქართველოს და ქართული საზოგადოების სასარგებლოდ და, შესაბამისად, უკვე შეგვიძლია კენჭისყრა ჩავატაროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონპროექტების პაკეტისგან ცალკე, საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონპროექტის საფუძველზე შრომის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით 78 ხმით მიიღო.
კერძოდ, შრომის კოდექსში გაჩნდება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 17 მაისს აღინიშნება, სახელმწიფო დღესასწაულია.
პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. 17 მაისს (2004 წელს -რედ.) სახალხო რეფერენდუმი მთლიანად საქართველოში ჩატარდა, საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში თავისი გამოსვლით დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად და დღეს პარლამენტმა პირველი ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კონსტიტუციური კანონის პროექტს, თავმჯდომარემ განმარტა, რომ მისი მიღება გადაიდო სხდომათა დარბაზში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა უმეტესობის დაბრუნებამდე.
„როგორც იცით, კონსტიტუციური კანონის მიღებას იმისთვის, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში, სჭირდება დეპუტატთა სამი მეოთხედის ხმა. ოპოზიცია არ იმყოფება დარბაზში. ამიტომ ამ კენჭისყრას გადავდებ შემდეგი პერიოდისთვის, როდესაც ოპოზიცია იქნება დარბაზში და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა
.მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას და მოუწევთ დააფიქსირონ თავისი პოზიცია.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება.
საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.