თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევითი არ არის, ეს მხოლოდ ბოლო ეტაპია შთამბეჭდავი ზრდის გზაზე, ნათქვამია სოციალურ ქსელ X- ში უეფას გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კვირას, 30 ივნისს 23:00 საათზე დაიწყება.
ისტორიის შემქმნელები. საქართველოს ნაკრების პირველი ევრო და კვალიფიკაცია მე-16 ტურში. მაგრამ მათი წარმატება შემთხვევითი არ არის, არამედ მხოლოდ ბოლო ეტაპია შთამბეჭდავი ზრდის გზაზე“, - ნათქვამია უეფას გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში.
პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
„ძალიან ბედნიერები ვართ და ვამაყობთ, რომ ამ დღემდეც მოვედით, როცა ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ძალიან ვამაყობთ. ისტორია გრძელდება. გილოცავთ ყველას", - განაცხადა კობიაშვილმა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - სწორედ მიქაუტაძის წყალობით მოიპოვა საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი ისტორიული ქულა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები:
საქართველო - ესპანეთი
გერმანია - დანია
პორტუგალია - სლოვენია
საფრანგეთი - ბელგია
რუმინეთი - ნიდერლანდები
ავსტრია - თურქეთი
ინგლისი - სლოვაკეთი
შვეიცარია - იტალია.