თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მაისურებითა და შარფებით მივიდნენ და სხდომა ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა არაოფიციალური ჰიმნით გახსნეს - საქართველოს ნაკრებმა გუშინ პორტუგალია ანგარიშით დაამარცხა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა.
დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში მერაბ სეფაშვილის სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულეს და გუნდის გამარჯვება ტაშით აღნიშნეს. ქართველ გულშემატკივრებს ეს სიმღერა განსაკუთრებით მოსწონთ სიტყვებისთვის: „შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია“ და „ზღაპრის ბოლო კეთილია“.
ოპოზიციიდან დარბაზში მხოლოდ ორი დეპუტატი - „ევროპელი სოციალისტების" და „გირჩის" წარმომადგენლები იმყოფებოდა.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
„სანამ რეგისტრაციას გავივლით, მინდა მოგმართოთ თქვენ და საზოგადოებას: ჩვენმა ბიჭებმა გუშინ დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, მერვედფინალში გავედით, რაც იყო მრავალი თაობის ფეხბურთელების და გულშემატკივრების ოცნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოცნება ასრულდა მთელი გუნდის: ფეხბურთელების, მწვრთნელის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წყალობით.
მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შემდგომი გამარჯვებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ქომაგებს, რომლებმაც „გამარჯვების მომტანი აურა შექმნეს".
„მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივრებს რომლებმაც შექმნეს ის ატმოსფერო, რომ დაარწმუნეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბიჭები და შექმნეს ის აურა, რომელმაც საბოლოოდ ეს გამარჯვება მოგვიტანა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პორტუგალიის კარში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.