თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა პარტიული საარჩევნო სიების ფორმირებაში გენდერული კვოტების გაუქმების ცვლილებებთან დაკავშირებით და მისი განმეორებით მიღების იმედი გამოთქვა.
საუბარია მოთხოვნების გაუქმებაზე იმის შესახებ, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე დეპუტატობის კანდიდატი ქალი უნდა იყოს. აპრილში პარლამენტმა კანონპროექტი, სახალხო დამცველის პროტესტის მიუხედავად, დაჩქარებული წესით მიიღო და მაისში საქართველოს პრეზიდენტის ვეტოც დაძლია.
„ვენეციის კომისია უკიდურესად შეშფოთებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შეშფოთების გათვალისწინების გარეშე", - ნათქვამია დასკვნაში.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიღება საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კანონის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
„ვენეციის კომისია კვლავ ხაზს უსვამს, როგორც ეს მანამდე გააკეთა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს მუდმივ ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, „კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
„მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, დადასტურდა, რომ გენდერულ კვოტას შეუძლია, ძლიერად იმოქმედოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობაზე და ისინი არ ეწინააღმდეგებიან თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს, თუ მათ აქვთ კონსტიტუციური საფუძველი, როგორც საქართველოში", - ნათქვამია დასკვნაში.
კომისიის მონაცემებით, ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პოლიტიკაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 19,1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წლის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ საბჭოებში 24%-მდე.
„თუმცა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა რეკომენდირებული ევროპული სტანდარტისგან, რომელიც გულისხმობს ქალების ან მამაკაცების 40% წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს სპეციალური დროებითი ზომების მიღებას პარლამენტში და ადგილობრივ საბჭოებში (საკრებულოებში) ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევისთვის, რათა არჩეული ქალების ამჟამინდელი პროცენტები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.