თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის შვეიცარიელი არბიტრი სანდრო შარერი განსჯის. ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.
საქართველო-პარტუგალიის ნაკრებებს შორის მატჩი გელზენკირხენში გაიმართება - შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელ დაგეგმილ მატჩზე შარერს გერმაანელი და შვეიცარიელი არბიტრები დაეხმარებიან – სტეფან ლუპი და ბეკიმ ზოგაი ლაინსმენებად იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი უკრაინელი ნიკოლაი ბალაკინი იქნება. ვიდეორეფერის ფუნქციებს ასევე შვეიცარიელი ფედაი სანი შეასრულებს.
36 წლის შარერმა მიმდინარე ევრო 2024-ზე უკვე განსაჯა სლოვენიისა და დანიის ნაკრებების მატჩი.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველო-პორტუგალიის მატჩის პარალელურად დღეს ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
ევრო 2024-ზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ საქარველოს ნაკრების აქტივში ერთი ქულაა, რაც ეროვნული გუნდისთვის პორტუგალიასთან მოგების დიდი მოტივაციაა.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - სწორედ მიქაუტაძის წყალობით მოიპოვა საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი ისტორიული ქულა. ჩეხეთთან გამართული შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დღემდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 2008 წელს ამხანაგურ მატჩში პორტუგალიამ საქართველო ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ფიფას რეიტინგში პორტუგალიის ნაკრები მეექვსე ადგილზე, საქართველოს ნაკრები კი 74-ე ადგილზეა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.