თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე დაადგეს და მხარს უჭერს თბილისის ნებისმიერ ინიციატივას ამ მიმართულებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მანამდე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა.
„ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ეს (ურთიერთობების ნორმალიზაცია - რედ.) ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს პასუხობს... ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართულია რუსულ-ქართული ურთიერთობების მხარდაჭერისკენ. ამ კონტექსტში მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და მზად ვართ გავყვეთ ამ გზას“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებს საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკებებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
2024 წლის მარტში დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი დატოვა და ეს ადგილი გიორგი ქაჯაიამ დაიკავა. აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებს პრაღის ფორმატის დაწყების პირველივე დღიდან, 2012 წლის დეკემბრიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აწარმოებდა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.