თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo America-ზე ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს მომნაწილეობა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
აშშ-ში გამართულ გამოფენაზე ქართული ღვინო 20-მა კომპანიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა.
„მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა”, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, Vinexpo America-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები.
გამოფენის დღეებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Colangelo&Partners-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა.
„ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა”, -აღნიშნავენ უწყებაში.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.
აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია - ერთი ლიტრის ქართული ღვინის საშუალო ფასი 6,15 აშშ დოლარია.