თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რაც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მის ერთობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის მოპოვებას შეეცდება.
დეკლარაციას ბრიუსელში ხელი მოაწერეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ახალმა“ და „ლელო საქართველოსთვის". დეკლარაციაზე ხელმოწერით ისინი შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში უკეთესი შედეგების მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
„მაქსიმალურად ვეცდებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოვიპოვოთ. შესაბამისად, რაც არ უნდა გაერთიანდნენ და დაიშალონ, „ნაცმოძრაობა“ და მისი აგენტები აგენტებად დარჩებიან, მათ თავიანთი თოჯინა ეყოლებათ. მათი ლიდერი იქნება გვარამიას თოჯინა სალომე ზურაბიშვილი. ამ გაერთიანებას არანაირი სერიოზული პერსპექტივა არ აქვს”, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიცია ძიების და კვლევის რეჟიმშია.
„ისინი კვლევებს ატარებენ, რომ თითქოსდა ერთად ვერ დაგვამარცხებენ, შემდეგ იშლებიან. შემდეგ ცალ-ცალკე კვლევებს ჩაატარებენ, ისევ ვერ გვამარცხებენ და ისევ შეიკვრებიან. ამას კვლევები კი არ შველის, არამედ რეიტინგი. რასაც აქვეყნებენ, ის რეიტინგიც კი არ აქვთ”, - განაცხადა მდინარაძემ.
სწორედ რეიტინგის ნაკლებობამ უბიძგა ოპოზიცია გაერთიანებისკენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება, დასძინა პოლიტიკოსმა. „არაფერი უშველით, რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე. ეს ხალხი კი მათ არ მოსწონთ”, - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.