აჟიოტაჟი ჩაცხრა - ექსპერტის ლარის გამყარების მიზეზებზე

ზაფხულის ტურისტული სეზონი დადებითად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე, განაცხადა ოთარ ანგურიძემ
Sputnik
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა იმის გამო, რომ კურსზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები ამოიწურა, აჟიოტაჟი კი ჩაცხრა, განაცხადა ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ.
14 ივნისიდან ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1,2%-ით გამყარდა და 26 ივნისისთვის 2, 8357GEL/$1 შეადგინა.
„ფაქტორები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებდა ლარზე, ამოიწურა, აჟიოტაჟი ჩაცხრა. ერთჯერადი ტრანზაქციები, რამაც ამ აჟიოტაჟურ ფონზე სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება განაპირობა, ასევე ამოიწურა. ძირითადი მაკროეკონომიკური და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარის კურსზე ახდენდა და ახლაც ახდენს გავლენას, პრაქტიკულად, ყველაფერი წესრიგშია", - განაცხადა ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის" პრესკლუბში.
მისი თქმით, როდესაც მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია, ბუნებრივია, რომ ლარს გაუფასურების გრძელვადიანი ტრენდი არ შეიძლება ჰქონდეს. ამდენად, ვალუტის კურსი დასტაბილურდა.
„როდესაც ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო, მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ ეს ცალსახად აჟიოტაჟური ფაქტორის და ცრუ ნეგატიური მოლოდინების შექმნის მცდელობის შედეგად მოხდა. ამას შემდეგ რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია დაემატა, რამაც მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება განაპირობა", - განაცხადა მან.
ეკონომისტი ასევე მიიჩნევს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დადებითად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე.
„ჩვენს ეკონომიკაში ზაფხულის სეზონი ყოველთვის აქტიურობით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი ტურისტული ნაკადების შემოდინების თვალსაზრისით რეკორდულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა დაბალბიუჯეტიანი ტურისტები შემოდიან, არამედ, უკვე მაღალშემოსავლიანი ტურისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტს ხარჯავენ, რასაც ლარის კურსზე ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს. ქვეყანაში შემოსული ყოველი ვალუტა ლარს გამყარებაში ეხმარება", - აღნიშნა ანგურიძემ.
ექსპერტის მტკიცებით, გაუფასურების მიუხედავად, ქართული ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა მაღალია, რის დასტურადაც მაისში ლარის დეპოზიტების 18 %-იანი ზრდა დაასახელა.
„მაისი ის პერიოდია, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო, მიუხედავად ამისა, ლარში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა. იმიტომ გაიზარდა, რომ იურიდიულ პირებში ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. ერთი მხრივ, ვნახეთ, რომ ლარში დეპოზიტები გაიზარდა, მეორე მხრივ, დედოლარიზაცია 50 %-ს ჩამოსცდა და შემცირებას განაგრძობს", - აღნიშნა ექსპერტმა.
ოპოზიცია ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებს განცხადებებს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა 14 მაისიდან ლარის გაუფასურება და ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის - TBC-ისა და „საქართველოს ბანკის" აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა -15% და 20%, შესაბამისად.
ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან სამ სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 168,7 მილიონი დოლარი გაყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.