ითამაშებს თუ არა პორტუგალიის წინააღმდეგ ბუდუ ზივზივაძე? სანიოლმა კომენტარი გააკეთა

საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მასთან დაკავშირებით ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც შორს ვარ, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
ევროპის ჩემპიონატზე გამართულ ორ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მინდორზე 12 წუთი ითამაშა - სანიოლმა ფეხბურთელი თურქეთთან მატჩში გამოიყვანა.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ევრო 2024-ის მატჩებში მოედანზე არ უშვებენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საჯარო განცხადებების, ასევე ანტირუსული კომენტარების გამო. თითქოსდა თბილისის მერმა კალაძემ ეს საკითხი პირადი კონტროლის ქვეშ აიღო და თავდამსხმელს აიძულა სოციალური ქსელებიდან ყველა პოლიტიკური განცხადება წაეშალა, ის ასევე ბლოკავს ფეხბურთელის მინდორზე გასვლას.
„ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია. მან ითამაშა თურქეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი. ჩეხეთთან კი სხვა მოთამაშის შეშვება ვამჯობინე. პორტუგალიასთან თამაშისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ ამ ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებთ, რისგანაც შორს ვარ. მინდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღო მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან შეურაცხყოფის ობიექტი გახდა, რასაც დაუმსახურებლად მიიჩნევს.
„ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს, ექვსი-შვიდი თვის წინ ბევრი ადამიანი მაკრიტიკებდა, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დავტოვე და ბუდუს ძირითადი შემადგენლობიდან დავაწყებინე. ახლა კი ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად ბევრს მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამის მიღება აღარ შემიძლია. მე საფეხბურთო მწვრთნელი ვარ და ეს ყველასთვის ნათელია. ვინ ითამაშებს და ვინ – არა, მე ვწყვეტ“, – განაცხადა სანიოლმა.
ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ, რომელმაც უარყო მოარული ხმები ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებზე მის გავლენასთან და ფეხბურთელის დაბლოკვასთან დაკავშირებით.
„ეს დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებას არ ვაძლევ. მათი მოსაზრება - ეს არის დიდი სისულელე", განაცხადა კალაძემ.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.