თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. პარტიების „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და რიგი პარტიების ლიდერებმა, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობიან, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ განაცხადეს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (ლიდერები - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი) მათ შორის ერთადერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია - წინა არჩევნებზე პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა, შესაბამისად, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.
ორშაბათს, 18-მა კონსერვატიულად განწყობილი პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „ქართველ პატრიოტთა ერთიანობის დეკლარაციას“.
„ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანმა რეჟიმმა და „ქართული ოცნების" 12-წლიანმა მმართველობამ უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინა მთლიანად საზოგადოებაზე", - ნათქვამია დეკლარაციაში.
ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები მიზანმიმართულად ებრძოდნენ რწმენას, აუფასურებდნენ სამშობლოს ცნების აღქმას, ამცირებდნენ ეროვნულ გმირებს, ებრძოდნენ ქართული აზროვნების ტრადიციას და ამ უზნეობაში ხელი არ შეუშლია დღევანდელ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
„მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ ცრუ ბრალდებები, ცილისწამება, მოღალატის იარლიყის მიწებება და შავი პიარი გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნორმა და გავრცელდა ჩვენი საზოგადოების ყველა ფენაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
კონსერვატიული პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები ამტკიცებენ, რომ მმართველი პარტია ექს-რეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდა.
როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომლის მთავარი მიზანია ამომრჩევლების დარწმუნება, რომ არჩევანი მხოლოდ ორ ძალას შორისაა: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.
„უკვე 12 წელია ამომრჩეველს არწმუნებენ იმაში, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ არ აირჩევენ, ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც განაახლებს ადამიანების წამებასა და მკვლელობას“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
პარალელურად, საარჩევნო კამპანია დაიწყეს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა განშტოებებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი გამოსწორდნენ და უფრო ადამიანურები გახდნენ, ნათქვამია დეკლარაციაში.
„დღევანდელი ვითარება გვავალდებულებს, რომ გავერთიანდეთ, ამომრჩეველთა უმრავლესობა ითხოვს პატრიოტული, კონსერვატიული, ტრადიციული, ეროვნული ძალების გაერთიანებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანების მამოძრავებელი ძალა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც გადაწყვიტა კონსერვატიულად განწყობილი პოლიტიკოსების და საზოგადოების წარმომადგენლების გაერთიანება, არჩევნებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.
2016 წელს „პატრიოტთა ალიანსმა" 5%-იანი ბარიერის პირობებში ამომრჩეველთა ხმების 5,01% მიიღო, 2020 წელს კი ხმების 3,14% (1%-იანი ბარიერი).
არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს პარტიას „ქართული იდეა“ (ლიდერი ლევან ჩაჩუა). იგი 2020 წელს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ადგილებისთვის იბრძოდა, მაგრამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" პარტია (ლიდერები: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე) 2021 წლის ბოლოს ალტ-ინფოს ინტერნეტ-პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. პარტიის ლიდერებს საკუთარი ტელევიზია აქვთ.
2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა.
გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პარტიის რეგისტრაციისას რამდენიმე დარღვევა. ერთ-ერთია ის, რომ პარტიის განახლებულ წესდებას, რომელიც სააგენტოში 2021 წლის 6 დეკემბერს შევიდა, არ ჰქონდა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის ხელმოწერა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. მასზე მხოლოს მორგოშიას ხელმოწერა იყო, რომელიც ყრილობას თავმჯდომარეობდა.
მოგვიანებით „ალტ-ინფოს" პარტია „ქართულმა იდეამ“ შესთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით. თუმცა ცესკომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.