თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს სიძლიერე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიასპორის აქტიური მონაწილეობის გარეშე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში თემატური მოკვლევის „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვის“ პრეზენტაციაზე.
„საქართველოს სიძლიერე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, განსაკუთრებით დღევანდელი გლობალიზაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია დიასპორის აქტიური მონაწილეობის გარეშე და დიასპორა, რა თქმა უნდა, არის ის განსაკუთრებული აქტივი, რომელიც საქართველოს გააჩნია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, დიასპორის ჩართულობაში განსაკუთრებული როლი ასევე ეკუთვნის ქართულ ეკლესიას, რომელიც „ყოველი ქართველის მიზიდულობის ცენტრია“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დიასპორის საკითხებს და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად დიასპორის მიმართ ზრუნვა საკონსტიტუციო დონეზე ავიდა.
„ჩვენი, როგორც პარლამენტის პასუხისმგებლობაა, გავხადოთ საკანონმდებლო ბაზა რაც შეიძლება წამახალისებელი, რათა შემსუბუქდეს ჩვენი დიასპორის სამართლებრივი მდგომარეობა და ხელი შეეწყოს მის კავშირს სამშობლოსთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებში ვიზიტების დროს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ ქართულ კულტურას დიასპორულ საზოგადოებაში.
ღონისძიებაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თემატური კვლევა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით განხორციელდა.