მამარდაშვილი: პორტუგალიასთან გამარჯვებისთვის ძალებს არ დავიშურებთ

საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია დაამარცხონ და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდნენ, განაცხადა ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.
მამარდაშვილი ჩეხეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის მთავარი გმირი გახდა. ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე 11 სეივია - იგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჩეხეთთან მატჩმა საქართველოს ევრო 2024-ზე პირველი ქულა მოუტანა - 1:1. მომდევნო მატჩს საქართველო 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართავს. პლეი-ოფში გასასვლელად ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება სჭირდება.
„რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ, ყოველთვის მოტივირებულები ვართ. ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას", - განაცხადა მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმ ენთუზიაზმისთვის, რაც თურქეთთან და ჩეხეთთან თამაშებზე იგრძნობოდა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც მხურვალედ გვქომაგობდნენ. რომ არა მათი ასეთი მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
სპორტულმა პორტალმა Sofascore-მა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.