თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი ჭაში წყლის ჩამკეტებს ცვლიდა.
ჭიდან გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც „სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.