საპირფარეშოში ტურისტი გააუპატიურა: იტალიაში 32 წლის ქართველი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. იტალიის პოლიციამ ქალაქ რომში გაუპატიურების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
დაკავებულს ბრალი ედება ბინათმესაკუთრეთა საერთო საპირფარეშოში ბელარუსი ტურისტის გაუპატიურებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 32 წლის მამაკაცი ქალს ქუჩაში აეკიდა. ქალი თავის საცხოვრებელ სახლში შევიდა და საპირფარეშოსკენ გაემართა, სადაც მამაკაციც შეჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თავდამსხმელის მხრიდან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების დახმარებით შეძლეს.