საქართველოს კალათბურთის ნაკრები იტალისთან დამარცხდა

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი 2-დან 7 ივლისამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები პარიზში ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ტორონტოში იტალიის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 68:79 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში შედეგიანად დაიწყო. გოგა ბოთაძისა და თორნიკე შენგელიას დომინაციით გუნდი 8 ქულით დაწინაურდა და ლიდერობას მეორე პერიოდის შუაწელამდე ინარჩუნებდა.
პირველი პერიოდის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 23:17 იყო, თუმცა, მეორე ათწუთეულში მასპინძლებმა გარდატეხა მოახდინეს და დაწინაურდნენ.
მატჩის მეორე ტაიმი კი მთლიანად იტალიის დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის საუკეთესო შედეგი თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, რომელმაც 28:36 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციოსთვის მზადების პროცესში ჩვენი გუნდი ორ საკონტროლო მატჩს გამართავს: 26 ივლისს - კამერუნის ნაკრებს დაუპირისპირდება, 28-ში – ეგვიპტეს. ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი 2-დან 7 ივლისამდე გაგრძელდება.
პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ადგილისთვის 24 გუნდი იბრძვის - საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად მოხვდა.
ლატვიასთან თამაში 2 ივლისს გაიმართება, ფილიპინების ნაკრებთან კი 4 ივლისს.
ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი გუნდი გადის, სადაც ისინი B ჯგუფიდან (ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო) გასულ პირველ ორ ნაკრებს ჯვარედინი პრინციპით დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი გამარჯვებულებს შორის ფინალი შედგება. მატჩებს ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება.