მადლობა ერთგული სამსახურისთვის - პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სამსახურს დღესასწაული მიულოცა

სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომლის მოვალეობებშიც, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირების დაცვაც შედის, 1994 წლის 23 ივნისს შეიქმნა.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს თავისი სასწავლო ცენტრი და დაცვის შესაძლებლობების მთელი სპექტრი. სამსახური 1994 წლის 23 ივნისს შეიქმნა. მასში შედის სამმართველოები და ქვედანაყოფები, მათ შორისაა საქართველოს პირველი პირების დაცვის განყოფილებაც.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე", - განაცხადა კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვასა და გაძლიერებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამსახურმა თავის თავზე უმნიშვნელოვანესი მისია აიღო – იგი ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებას.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ურთულეს პერიოდში შექმნილ თქვენს უწყებას უმნიშვნელოვანესი მისია დაეკისრა - უკვე სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურებით და განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და გაძლიერებაში, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა პრემიერმა.
დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს, დასძინა კობახიძემ.
ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ მოწვეულ სტუმრებს სამსახურის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისთვის, სამსახურის შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.