სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: პორტუგალიასთან მატჩზე სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი გვჭირდება

პორტუგალიასთან მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში პორტუგალიასთან სავსე ტრიბუნები და ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
„პორტუგალიასთან მატჩში ჩვენ ასევე ძალიან გვჭირდება ბევრი მაყურებელი სტადიონზე. ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა და საოცარი ძალა აქვს“, - განაცხადა იაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, რომელიც ფრე ანგარიშით დასრულდა, იაშვილის თქმით, გუნდში თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ რთული თამაში იქნებოდა.
„ჩეხეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, სტანდარტულ სიტუაციებში დიდი უპირატესობა აქვთ და, რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო", - განაცხადა იაშვილმა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის თქმით, ორივე მატჩში, როგორც თურქეთის, ისე ჩეხეთის ნაკრებებთან, ფეხბურთელებმა საოცარი ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს.
„ყველა ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები განსაკუთრებულია, მასში სულისკვეთება იგრძნობა და ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დიდი აღმოჩენაა", - განაცხადა იაშვილმა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.