საქართველომ მდგრადი განვითარების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ მეზობელი ქვეყნების გარდა გაუსწრო აშშ-ს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს და თურქეთს.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველო 2024 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა.
გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელმა“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით „მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში” წარმოადგინა - ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს.
165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის მოხვდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 % დაფიქსირდა.
წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო აშშ-ს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანას და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შეფასებები ბოლო სამი წლის მანძილზე მიიღო, 2012 წლის შემდეგ კი სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა.
რეიტინგში ქვეყნები შეფასდა მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 92 სხვადასხვა კრიტერიუმით. საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 7 მიზანი, 33 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 27 მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 37 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც „მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული".
მდგრადი განვითარების ისეთ ძირითად მიზნობრივ აგრეგატში როგორიცაა „ხარისხიანი განათლება“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.
მდგრადი განვითარების 16-ე მიზნობრივ აგრეგატში, „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე წინ არის, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 12 სახელმწიფოს: აშშ-ს, იტალიას, საბერძნეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს.
გაერო მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. 2015 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა მაღალ პოლიტიკურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. კონსულტაციების შედეგად გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად. თითოეული ეს მიზანი და ამოცანა 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.