მეუფე შიო: ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის, სულიწმინდის გარდამოსვლის დღესასწაულს უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“….
„დღეს არის წმინდა ეკლესიის დაარსების დღე დედამიწაზე. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ჩვენი ეკლესია არ არის მხოლოდ ქრისტეს ეკლესია, არამედ ეს არის ქრისტეს სხეული, რომელშიც მოქმედებს სულიწმინდა. ჩვენი გამოხსნა და სულიერი გადარჩენა ხდება ქრისტეს სხეულში მყოფობით და სულიწმინდის მადლით და ძალით", - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული და ყოვლადწმინდა სამების დღე მიულოცა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა გადასცა.
სულთმოფენობის დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი"…