თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში საუკეთესო 50 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2024" (Travel & Tourism Development Index 2024 ), სადაც სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.
ანგარიშში წარმოდგენილია 119 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 7-დან 4,14 ქულით 45-ე ადგილს იკავებს. Travel & Tourism Competitiveness index-ის 2019 წლის რეიტინგში საქართველოს 68-ე, 2022 წელს კი 44-ე ადგილი ეკავა.
ინდექსი აფასებს მთლიანობაში 102 ინდივიდუალურ მაჩვენებელს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში: ხელსაყრელი გარემო, ტურისტული პოლიტიკა და ხელშემწყობი პირობები, ინფრასტრუქტურა და მომსახურება, ტურისტული რესურსები და ტურიზმის მდგრადობა.
საქართველომ ყველაზე მაღალი ქულა (7-დან 6,17) ტურიზმის სექტორის უსაფრთხოების ქვეკატეგორიაში მიიღო, ხოლო ყველაზე დაბალი (1,56) რესურსების ხელმისაწვდომობაში, რომელიც არ არის დაკავშირებული პასიურ დასვენებასთან.
წელს საქართველომ გაუსწრო სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც რეიტინგში 72-ე და 56-ე ადგილზე აღმოჩნდნენ. თურქეთი კი 29-ე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს ორ წელიწადში ერთხელ ატარებს.