თბილისი-რუსთავის ავტობანის 3 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 5,5 მლნ ლარია.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13,5 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2018 წელს შევიდა. მოცემულ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი 3,3 კმ-იანი გზის პროექტირებაზე.
ტენდერის ღირებულება 5,5 მლნ ლარია. განაცხადების მიღება 23 ივლისს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ცემენტო-ბეტონის საფარიანი, 4-ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილი საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთი გადის ფონიჭალის დასახლებასთან, სადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა მაღალია და პიკის საათებში რთულდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამართულად ფუნქციონირება.
სამინისტროს განცხადებით, მნიშვნელოვანია თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის უკვე ექსპლუატაციაში არსებული მონაკვეთების ერთმანეთთან დაკავშირებაც, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
რუსთავის მოსახლეობა 138 ათასამდე ადამიანს შეადგენს. თბილისის, ბათუმის და ქუთაისის შემდეგ იგი ითვლება ყველაზე დასახლებულ ქალაქად საქართველოში. რუსთაველების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისში მუშაობს, ისინი დედაქალაქში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დადიან.
რუსთავში ფუნქციონირებს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ავტობაზრობა, თბილისელები რუსთავში აბარებენ გამოცდებს მართვის მოწმობის მისაღებად.
თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 30-40 წუთს შეადგენს.