თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ, ამისათვის 3,5 წელი ვიშრომეთ, განაცხადა საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოუტანა.
„ჩეხეთი დიდი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი. ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკურტი მატჩი ჩაატარა... ჩვენ ის გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები პორტუგალისთან მატჩისთვის მოსამზადებლად ძალებს არ დაიშურებს.
„მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ"- განაცხადა სანიოლმა.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილებაა და ჯგუფის სამივე მატჩი ნაკრებს განვითარებაში დაეხმარება.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.