GWP: თბილისის წყალმომარაგება სრულად 25 ივნისს აღდგება

მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება სამ დღეშია დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაციას წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
ავარია სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე 16 ივნისის დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
კომპანიის ცნობით, მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი.
„სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, ჩამორჩენა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მოკლე დროში მოხდება დაზიანების აღდგენა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება“, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.
ქსელის დიაგონისტირების დასრულებისა და შესაბამისი დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე კი დაიწყება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს. მომხდარი ფაქტის გამო წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 18 ივნისისთვის 63,4 ათას აბონენტამდე, 20 ივნისისთვის კი 58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ.