თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებთან მატჩის პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დაასრულა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა - ეს ქართველი ცენტრალური ფორვარდის მეორე გოლია ევრო 2024-ზე. პირველი გოლი მიქაუტაძემ თურქეთს 18 ივნისს გაუტანა.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
საქართველოს ნაკრებისთვის ჩეხეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანია - სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებს შანსი ექნება, რომ ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.