თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.
რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 8 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 14 ივლისის 00:00 საათამდე.
რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:
1.
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას;2.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);4.
მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);5.
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;6.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;7.
ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);8.
თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - registracia2025@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 15 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 21 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 22 ივლისს, 10:00 საათზე.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.